"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს გაიცა დავალება, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივი გახარიას და "ლელოს" ბარიერის გადალახვაში დახმარებოდა. სახელისუფლებო პარტიაში ერთ-ერთ არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას გუნდებს არცერთი გამოკითხვით არ ჰქონიათ რეიტინგი.
"ქართული ოცნების" წევრების თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ნახეს, რომ "კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის" და პარტია "საქართველოსთვის" ვერ ლახავდნენ ბარიერს და აქტივი მათ მიახმარეს.
საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
"ძალიან შორს იყო იმ ეგზიტპოლებისგან და იმ სავარაუდო პროცენტებისგან, განსაკუთრებით გახარიას პარტია და შემდგომ "ლელოს" პარტიაც, რაც მიიღეს, იმ შედეგებთან შედარებით. ანალიზის შედეგად, ძალიან მარტივად დასადგენია, როდესაც ვნახავთ, რომ მკვეთრად დაცემას ვხედავთ "ნაცმოძრაობის" პარტიის და ის ელექტორატის დიდი ნაწილი გადანაწილდა ამ ორ პარტიაზე - გახარიასა და "ლელოზე". იმ ფონზე, როდესაც ამ ორმა პარტიამ ("გახარია საქართველოსთვის" და "ლელო") გადალახა არა მხოლოდ 5%-ით, არამედ 7%-ით და ა.შ. ასე ჰაერიდან ვერ ხდება. ეს სქემაა ზუსტად", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.