26 დეკემბერი 2024,   14:38
ვრცლად
საქართველო დღეს ილია ჭავჭავაძის 187 წლის იუბილეს აღნიშნავს - კახეთში ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები ჩავიდნენ

კახეთი ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წელს აღნიშნავს. ილიაობა ყვარელში დღეს ტრადიციული სახალხო ზეიმით აღინიშნა. ღონისძიებას მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო. პრემიერმა ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და თქვა, რომ დღესაც სამაგალითოა ჭავჭავაძის წვლილი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობის, იდენტობისა და ფასეულობების დაცვის საქმეში.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ილია ჭავჭავაძე ოცნებობდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართული სახელმწიფოს საძირკველი სწორედ ილიას გზა გახდა.

დღესვე, ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ქალაქის ქუჩებში ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია დაათვალიერეს. ილიაობასთან დაკავშირებით, ყვარელში სხვადასხვა სახეობის ღვინო და ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს. გაიმართა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.

ყვარელში ჩასვლამდე, პრემიერ-მინისტრმა თელავში სპორტის სასახლე დაათვალიერა. მულტიფუნქციური კომპლექსი დიდ და პატარა დარბაზს მოიცავს. სასახლე ორი ათას მაყურებელზეა გათვლილი. შენობაში მოწყობილია გასახდელები და ადმინისტრაციული სივრცეები. კომპლექსმა ჭაბუკთა შორის ევროპის თასს ძიუდოში უკვე უმასპინძლა.

მულტიფუნქციური სპორტის სასახლის პროექტისთვის, რომლის ინფრასტრუქტურაზე კანადური კომპანია მუშაობდა, 22 მილიონი ლარი გამოიყო.

დღის ამბები