08 დეკემბერი 2024,   12:54
ვრცლად
კანონების გაწვევის მოთხოვნა სამი ევროპელი ლიდერისგან - მაკრონი-შოლცი-ტუსკისგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი არგუმენტებსა და დასაბუთებას ითხოვს

"გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონების გაუქმების მოთხოვნის ფონზე, პრემიერ-მინისტრი თავად ავტორებისგან ელოდება არგუმენტებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპელი ლიდერები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას კანონების უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ უნდა დაასაბუთონ, რატომ ჯობია არასამთავრობო სექტორში ფინანსურ გამჭვირვალობას-გაუმჭვირვალობა და რატომ უნდა იყვნენ ე.წ ლგბტ პროპაგანდის მომხრეები. ევროპის სამი ქვეყნის-საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის პირველი პირების პირობა სწორედ ესაა- ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ თუ კანონები გაუქმდება. ემანუელ მაკრონმა, დონალდ ტუსკმა და ოლაფ შოლცმა პოზიცია საერთო განცხადებით გამოხატეს.

კანონების გაუქმებისკენ მოწოდება და საქართველოს ხელისუფლებისთვის პირობების წაყენება, ოპოზიციისთვის მისაღებია. მაგალითად გიორგი გახარიას პარტიაში მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი კანონის გაწვევა, გაუქმება და გადახედვა უნდა მოხდეს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის ბარიერი იქნება.

ანა ბუჩუკურის ეს პოზიცია, პარლამენტის თავმჯდომარისთვის კითხვებს აჩენს. შალვა პაპუაშვილის იხსენებს, რომ სწორედ გახარიას გუნდი წევრი იყო ერთ-ერთი ვინც სახალხო განხილვების დროს მმართველ პარტიასთან ერთად დადიოდა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს და ”ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის” მიღებას მხარს უჭერდა. პარლამენტის სპიკერი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს დამოკიდებულება უცხოეთიდან მიღებული მითითების შემდეგ შეეცვალა.

გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას, ოპოზიცია დამტკიცების დღიდან ითხოვს. მხარს არ უჭერენ არც ე.წ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს, თუმცა მისი გაუქმების შესახებ ღიად საუბარს თავს არიდებენ. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა კანონებზე საუბრის დრო არ არის. ნაწილისთვის კი პრობლემური მაინც გამჭვირვალობის კანონია.

კონკრეტული ევროპელი ლიდერების მოწოდებების მიუხედავად, მმართველი პარტია არ აპირებს უარი თქვას კანონებზე, რომლებიც მათივე შეფასებით საზოგადოების დაკვეთაა.

სამი ევროპული ქვეყნის ლიდერის საერთო განცხადების გარდა, ანალოგიური პოზიცია აქვს ევროპარლამენტში - გაფართოების საკითხებში დანიშნულ ახალ ევროკომისარსაც. სლოვენიელი დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთადერთი დაბრკოლება სწორედ უცხოური გავლენისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონებია. ევროკომისარი ღიად ამბობს, რომ კანონების გაუქმება, არა მარტო საქართველოს ევროინტეგრაციისთვის საჭირო პროცესის გაგრძელებას შეუწყობს ხელს, არამედ სწორედ ამ კანონებზე უარის თქმაზეა დამოკიდებული ფინანსური დახმარების პაკეტიც.

დღის ამბები