08 დეკემბერი 2024,   11:16
ვრცლად
ცესკო-ში საჩივრების განხილვა დაიწყო - საარჩევნო ადმინისტრაცია საია-ს საჩივარს განიხილავს, რომელიც ბრიტანეთის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას ითხოვს

საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვა დაიწყო. ამ წუთებში, ცესკოს სხდომაზე შემაჯამებელი ოქმების გაბათილებაზე მსჯელობენ. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერი საქართველოს" და საია-ს საჩივრები 73-ვე ოლქის შედეგების გაბათილებას ითვალისწინებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია, ამ წუთებში, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საჩივარს განიხილავს რომელიც დიდი ბრიტანეთის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას ითხოვს.

"ატვირთული იყო სხვა შემაჯამებელი ოქმი, სადაც არ იყო განსაზღვრული ამომრჩეველთა რაოდენობა, კენჭისყრის დღეს რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენ მიერ ვერ დადგინდა ბალანსი პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებულ ხმების რაოდენობასა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, ტოლი იყო თუ არა არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა. ამის შემდგომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე აიტვირთა სხვა შემაჯამებელი ოქმი, სადაც უკვე განსაზღვრული იყო ამომრჩეველთა რაოდენობა, რასაც თან არ ახლდა, თუნდაც საუბნო-საარჩევნო კომისიის ახსნა-განმარტება. ამიტომ ბუნდოვანია ჩვენთვის აღნიშნული საკითხი და სწორედ ამიტომ არის საჩივარი წარმოდგენილი," - აცხადებს საიას წარმომადგენელი.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებას, მისი თქმით, აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

"იმ მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც უკვე მონაწილე ამომრჩევლების, ბათილი ბიულეტენებისა თუ სუბიექტების მიერ ხმების ჯამსა და ბალანსს იძლევა, აბსოლუტურად დგება ტოლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი იურიდიული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი არის ის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისი საჩივარი," - აცხადებს გიორგი სატურიანი.

 

ავტორი: სიმონ შანავა

 

 

 

დღის ამბები