26 დეკემბერი 2024,   22:31
ვრცლად
"ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ეს არის მთავარი ამბავი" - ზურაბ ჯაფარიძე

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, დღეს ოპოზიციის მხარდამჭერები ქუჩაში ისევ გავიდნენ. ამჯერად საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორები ფეისბუქ ჯგუფ "დაიტოვეს" წარმომადგენლები არიან. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით სანაპიროსკენ დაიძრნენ და გზა გადაკეტეს. "გაუქმდეს არჩევნების შედეგები" - ეს არის მთავარი მოთხოვნა.

"ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება პროტესტი და შეუგუებლობა მოპარული არჩევნების მიმართ. იქნებოდა ეს ფარულობის დარღვევით, თავისუფალი ნების უგულებელყოფით თუ სხვადასხვა ტიპის საარჩევნო მაქინაციებით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი ბრძოლით, პროტესტით, შრომით საერთაშორისო ასპარეზზე, რომ მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს," - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი აქცია ჯგუფ "დაიტოვეს" გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისი იქნება. დღევანდელ შეკრებას ოპოზიციონერი ლიდერებიც შეუერთდნენ. 

"ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ეს არის მთავარი ამბავი. მგონია, რომ ეს პროტესტი მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ ხალხისთვის, ვინც რაღაცნაირად ნიჰილიზმში ჩავარდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ეცადა არჩევნების შედეგების მოპარვა, მაგ ხალხის გასამხნევებლად პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი, რომ დაინახონ, რომ ხელები არ ჩამოგვიშვია," - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

დღის ამბები