26 დეკემბერი 2024,   16:53
ვრცლად
"ეს ინციდენტი არის პროტესტის კიდევ ერთი გამოხატულება, მიუხედავად იმისა, ვინმეს ეს მოსწონს თუ არა" - თეონა აქუბარდია ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმაზე

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელებული თავდასხმა შეაფასეს. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ პროტესტი ნებისმიერი ფორმით უნდა გამოხატონ.

"ეს ინციდენტი არის პროტესტის კიდევ ერთი გამოხატულება, მიუხედავად იმისა, ვინმეს ეს მოსწონს თუ არა. შავი მელანი თუ ყავა - არ ვიცი რა სითხე იყო, არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც საქართველოს გაუკეთა ივანიშვილის რეჟიმმა თავის კალანდარიშვილიანად, რადგან ქართველ ხალხს მოჰპარეს არჩევანი," - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ ეს ქმედება გამოუხატავი, დაგროვილი რისხვის შედეგი იყო.

"გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჩადენილი ქმედება არის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში, როგორ ჩატარდა პროცესები საოლქოებში. არ გვქონდა არავითარი საშუალება, რაიმე პროცესში მონაწილეობა მიგვეღო, ან უბანზე, ან საოლქოში. ეს სიტუაცია იყო ყველა ოლქში. შესაბამისად, როდესაც არ მისცემ ადამიანს საშუალებას, გამოხატოს თავისი გულისწყრომა ქვედა ეტაპზე, ბუნებრივია, რომ ის რისხვა გვიგროვდება," - აცხადებს დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა დაწყებიდან 3 წუთში, დაპირისპირების გამო შეწყდა, რისი მიზეზიც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისთვის, გიორგი სიორიძისთვის მიკროფონის გათიშვა გახდა. სიორიძეს ცესკოს თავმჯდომარემ მიკროფონი რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის გამო გაუთიშა, რასაც კამათი და დაპირისპირება მოჰყვა.

ამის შემდეგ, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს სახეში შავი სითხე შეასხა.

მოგვიანებით, გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს სხდომა დაზიანებული თვალით გააგრძელა.

 
დღის ამბები