27 დეკემბერი 2024,   04:46
ვრცლად
თბილისში კაცმა, მეუღლის გასაკონტროლებლად, სახლში ფარული ჩამწერი მოწყობილობები დაამონტაჟა - მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ფარული მიყურადების ფაქტზე, მხილებულია ერთი პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ქ. თბილისში, 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა, მეუღლესთან უთანხმოების გამო, მისი გაკონტროლების მიზნით, საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ტელეფონის დამტენის ფორმის ფარული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დენის წყაროსთან დააკავშირა, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული თავისი მობილური ტელეფონიდან ფარულად გადაღებულ კადრებს პერიოდულად ნახულობდა და კომპიუტერში ინახავდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა საძინებელი ოთახის ჭერში ფარულად აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის ჩანაწერებსაც, ასევე, მეხსიერების ბარათზე ინახავდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 1990 წელს დაბადებული დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩაატარა. კერძოდ, ამოღებული იქნა ფარული ჩამწერი მოწყობილობები და მათში არსებული მეხსიერების ბარათები. ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა მისი კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ფარული აპარატურის მიერ ჩაწერილი აუდიო და ვიდეო მასალა იქნა ნანახი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა", - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები