24 დეკემბერი 2024,   07:30
ვრცლად
1 000 დღე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, რომელსაც უკრაინა რუსეთის მხრიდან ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური შეტევების ფონზე ხვდება

ვაშინგტონიდან კიევისთვის მიცემული სიგნალის შემდეგ, პუტინმა ახალი ბირთვული დოქტრინა დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, კრემლი მის წინააღმდეგ არაბირთვული და ბირთვული სახელმწიფოების ნებისმიერ კოლაბორაციას ერთ სიბრტყეში განიხილავს და იტოვებს უფლებას პასუხი ბირთვული არსენალით დააბრუნოს. ამით ის საპასუხო სიგნალს შტატებში გზავნის, რომლის პრეზიდენტმაც ზელენსკის რუსეთზე შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე მწვანე შუქი აუნთო.

კრემლი იმუქრება, კიევი კი ტრამპის მოსვლამდე გამოჩენილ შესაძლოა ბოლო შანსებს იყენებს, რათა ომის ბედი გადატეხოს და მოლაპარაკებათა მაგიდაზე უკეთესი პოზიციებით წარსდგეს. უკრაინული მედიის ნაწილი, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კიევმა "ატაკამსის" ტიპის ბალისტიკური რაკეტები რუსეთის მისამართით დღეს პირველად გამოიყენა და მიზანშიც მოარტყა. ამას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის უწყებაც, რომელიც ამბობს, რომ 5 "ატაკამსის" ტიპის რაკეტა მოიგერია, ერთი კი სამხედრო დანიშნულების ტერიტორიაზე დაეცა. საუბარია ბრიანსკში არსებულ ობიექტზე, რომელსაც უკრაინის საზღვრიდან 130 კმ თუ აშორებს.

ვიდრე მსოფლიო ლიდერები დიდი ოცეულის სამიტზე ბრაზილიაში მსჯელობენ, მათ შორის უკრაინის მომავალზე, ქვეყანა ომის მე-1000-ე დღეს, რუსეთის მხრიდან ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური შეტევების ფონზე ხვდება. დღეს კრემლის სამიზნე ხარკოვი იყო. 100 მდე დაჭრილი და 12 გარდაცვლილ სუმის ოლქში, 10 მოკლული და 50-მდე დაჭრილი ოდესაში, 5 გარდაცვლილი ხერსონსა და დნიპროში - ეს უკვე ბოლო 24 საათში რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგია. ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ უკრაინა საკუთარი მიწებით არ ივაჭრებს და არც არავის მისცემს უფლებას, საარჩევნო ქულები უკრაინის ხარჯზე დაიწეროს. მისი თქმით, გადამწყვეტი მომენტი მომდევნო წელს დადგება,ომის საიუბილეო თარიღზე მან ევროპარლამენტსაც მიმართა.

კიევს ამჟამად საკმარისი "ატაკამსები" აქვს იმისთვის, რომ რუსეთი შეაკავოს და მის სამხედრო ინფრასტრუქტურას პრობლემები შეუქმნას, თუმცა იმდენი არა რომ ომში საკუთარი გამარჯვება უზრუნველყოს. ბაიდენის მიერ გაცემული ლიცენზია კი 20 იანვრამდე იმოქმედებს, ამის შემდეგ თეთრ სახლში ტრამპი მოვა, რომლის გაცხადებული მიზანიც უკრაინა-რუსეთის ომის დამთავრებაა, თუმცა რის ხარჯზე - ეს ამ დრომდე უცნობი რჩება.

დღის ამბები