21 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
"პირობა, რომ ამ გაყალბებულ პარლამენტში არ ვიქნებოდი, დავდე პარლამენტის წინ, ვერაფერი მაიძულებს ეს პირობა შევცვალო" - ლევან ცუცქირიძე

ოპოზიციის ნაწილი კვლავ ამტკიცებს, რომ პარლამენტში შესვლას და მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ აპირებს. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ თავად პარლამენტში არავითარ შემთხვევაში არ შევა.

"სიებთან დაკავშირებით არაერთხელ აღინიშნა, მათ შორის, პირადად ჩემგან. იმის პირობა, რომ მე ამ გაყალბებულ პარლამენტში არ ვიქნებოდი, დავდე პარლამენტის წინ, მრავალი ათასი მოქალაქის წინაშე და ვერაფერი ვერ მაიძულებს, ეს პირობა შევცვალო," - აცხადებს ლევან ცუცქირიძე.

საპარლამენტო სიების ჩახსნასა და მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით კვლავ სხვადასხვა მოსაზრებებია მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილში აცხადებენ, რომ სიების ჩახსნა პარლამენტის შეკრებამდე შეიძლება, თუმცა ამას "ქართული ოცნება" კატეგორიულად უარყოფს.

მმართველ გუნდში პროცედურები და რეგლამენტი კიდევ ერთხელ განმარტეს. მათი თქმით, ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური სუბიექტის მოთხოვნა მანდატების გაუქმების შესახებ იურიდიულ ძალას მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს, რაც შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ, თუმცა მანამდე პარლამენტმა ყველა დეპუტატის უფლებამოსილება უნდა ცნოს.

დღის ამბები