ოპოზიციის გეგმები, რომელიც ისევ ქუჩის აქციების და პიკეტირების მოწყობას უკავშირდება, მოულოდნელი არ არის მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მათი ოპონენტები წინასწარ გაწერილი სქემით მოქმედებენ და პროცესი გარე ძალების მხრიდან მართულია. "ქართული ოცნება" იხსენებს მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშსაც.
"ეს ხალხი ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის. მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც არის რეალურად გზამკვლევი ხელისუფლების დამხობისკენ ოპოზიციისთვის, პირდაპირ არის გაწერილი. ეს პროცესი რაც მიმდინარეობს, ეს იყო წინასწარ გაწერილი გეგმა, იცოდნენ რა, რომ ასეთ მარგინალებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ვერ ექნებოდათ, ამიტომ ეს არის არა სპონტანური, როგორც თვითონ წარმოაჩენენ, მათ მიერ მოფიქრებული გეგმა, არამედ ეს არის გარედან მართული პროცესი და ეს ხალხი არის ამ პროცესის შემსრულებელი", - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანრი ოხანაშვილი.