გენდერული ძალადობა არა მხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ეს ასევე არის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდებზე, ოჯახებსა და საზოგადოებებზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
როგორც დიპლომატი აღნიშნავს, სტატისტიკა ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო მასშტაბებს ავლენს.
"თითქმის ყოველმა მესამემ მსოფლიოში, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა განიცადა. ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში ყოველი მეორე ქალი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ძალადობას განიცდიდა. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად საქართველოში ევროკავშირი აფინანსებს პროექტებს, რომლებიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების შესაძლებლობებს აძლიერებს. ჩვენი პროექტები ძალადობის პრევენციის მიზნით ცნობიერებას ამაღლებს და ქალებს უფასო იურიდიულ, სოციალურ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ასევე სტერეოტიპებისა და მავნე წარმოდგენების შესაცვლელად და საინფორმაციო კამპანიების დასაწყებად მუშაობს. ასევე, ეს პროექტები SafeYou აპლიკაციის გამოყენებას უწყობს ხელს", – ნათქვამია ჰერჩინსკის განცხადებაში.
ამასთან, პაველ ჰერჩინსკის თქმით, უპირველესი გზა ქალების გასაძლიერებლად არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ შიშის გარეშე და ძალადობისგან დაცულად შეძლონ ცხოვრება.
"უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა. წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის თემა არის: "ყოველ 10 წუთში ერთხელ ქალს კლავენ. გაერთიანდით ქალების მიმართ ძალადობის დასასრულებლად". ერთად შეგვიძლია, შევქმნათ მომავალი, რომელშიც პატივისცემა, ღირსება და უსაფრთხოება ყველასთვის გარანტირებულია", – აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.