"მე რომ ოპოზიციონერი და ოპოზიციის აქტივისტი ვიყო და ვიღაცა მეუბნებოდეს, რომ 300 000 ხმა გაგიყალბესო, რა გამაჩერებდა სახლში, აქ არ უნდა იყოს ახლა ყველა? რატომ არაა რამდენიმე ასეული ადამიანი აქ?" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ერთადერთი მცდელობა იყო გაყალბების, რაზეც პირი დაკავებულია და მტკიცებულებებიც გადაცემულია საქართველოს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.
"მე რომ ოპოზიციონერი და ოპოზიციის აქტივისტი ვიყო, და ვიღაცა მეუბნებოდეს, რომ 300 000 ხმა გაგიყალბესო, რა გამაჩერებდა სახლში, აქ არ უნდა იყოს ახლა ყველა? რატომ არაა რამდენიმე ასეული ადამიანი აქ? წარმოიდგინეთ, თქვენ რომ იყოთ ოპოზიციონერი აქტივისტი და დაგაჯეროთ ვიღაცამ, რომ 300 000 ხმა გაგიყალბეს ელექტრონულ არჩევნებში, ფოკუსი ჩაგიტარეს რაღაც არაბუნებრივი თეორიაში, რაღაც ეშმაკი ჩასვეს აპარატში და ეს რომ გაკადრეს, უნდა გამოხვიდე გარეთ. რატომ არ არიან ეს ადამიანები ვერ ვხვდები, 300 000 ხმა რომ "გაყალბდა". გაკვირვებული და გაოგნებული ვარ, უკაცრავად ამ ირონიისთვის... ამ სისულელეს სპეციალურად ვიმეორებ, მათ ნარატივს, რომ ბევრჯერ მოხვდეს ადამიანებს ყურში თუ რას ამტკიცებენ. ეს უბრალოდ "გაყალბდა, გაყალბდა, გაყალბდა" კი არა, ის ერთი ხმის გაყალბების მტკიცებულება მოიტანე ჯერ და მერე ვილაპარაკოთ 300 000-ზე.
რაც გაყალბდა, დაკავებულია იმაზე ადამიანი. ერთადერთი შემთხვევა იყო ჩაყრის მცდელობის. ისეთი და ასეთი არ არსებობს, გაყალბება და ხმების მოპარვა მტკიცებულებები დავდეთ საქართველოს პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში ხმების მოპარვის შესახებ. საბედნიეროდ, აქ რამდენიმე ათეულობით ხმას შეეხება, რომელსაც "ქართულ ოცნებას" ჰპარავდნენ", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.