26 დეკემბერი 2024,   23:08
ვრცლად
"არ არსებობს ადამიანი კოალიციიდან "ცვლილებებისთვის", რომელიც ამ პარლამენტში შედგამს ფეხს" - ელენე ხოშტარია

მიმართავს თუ არა ოპოზიცია მანდატების გაუქმების შესახებ პარლამენტს - მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, ოპონენტებს კითხვით მიმართავს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სწორედ დღეიდან არის მანდატებზე უარის თქმის იურიდიული შესაძლებლობა, ამიტომ ახლა გაირკვევა, პარტიები მართლა იტყვიან თუ არა უარს პარლამენტში შესვლაზე.

კოალიციაში "ცვლილებებისთვის" აცხადებენ, რომ სიების ჩახსნის შესახებ ცესკოს უკვე მიმართეს და მათი კოალიციიდან არცერთი ადამიანი არ შევა პარლამენტში.

ელენე ხოშტარია, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი: "ჩვენ ვხსნით ჩვენს სიას, არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ჩვენგან ფეხს არავინ შეადგამს ამ პარლამენტში. არ არსებობს არც მანდატი, არც სია, არ არსებობს არცერთი წარმომადგენელი - არც ინდივიდუალურად, არც პარტიულად - არ არსებობს ადამიანი კოალიციიდან "ცვლილებებისთვის", რომელიც ამ პარლამენტში შედგამს ფეხს".

ზურა ჯაფარიძე, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი: "ჯერ არის სიების ჩახსნა, რაზეც განცხადება, წესით, უკვე შესული უნდა იყოს ცესკოში და ამის შემდეგ იწერება ინდივიდუალური განცხადებები მათთვის, ვისთვისაც ესენი გამიწერენ მანდატებს. ჯერ იხსნება სია, შემდეგ კეთდება ინდივიდუალური განცხადებები - ეს ადრეც გაკეთებული გვაქვს, 2020 წელს".

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს თავისი მანდატის გაუქმების მოთხოვნით უკვე მიმართა.

"ოპოზიციონერ კოლეგებთან ვერ მქონდა კონსულტაცია, რადგან მთელი დღეა აქ ვარ, თქვენთან ერთად. მე პირადად, უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი, დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები