26 დეკემბერი 2024,   22:18
ვრცლად
ახალი მთავრობა 3 ახალი მინისტრით - მე-11 მოწვევის დეპუტატები მინისტრთა კაბინეტს ნდობას მიმდინარე კვირაში გამოუცხადებენ

საკანონმდებლოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი და დავით სონღულაშვილი გადადიან. ყოფილ დეპუტატებს პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ჩააბარა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მაკა ბოჭორიშვილი ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლებს, ანრი ოხანაშვილი რატი ბრეგაძეს იუსტიციის სამინისტროში შეცვლის, ხოლო დავით სონღულაშვილი ოთარ შამუგიას თანამდებობას სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაიკავებს. სამთავრობო გუნდის განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს უკვე წარუდგინა.

მინისტრთა კაბინეტის სამივე ახალი წევრი "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრებიც არიან და, წლების განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა კომიტეტს ხელმძღვანელობდნენ. მაკა ბოჭორიშვილი, 2020 წლიდან, პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, მანამდე კი, მრავალი წლის განმავლობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

ანრი ოხანაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, დავით სონღულაშვილი კი, 3 წლის განმავლობაში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს უძღვებოდა.

სამთავრობო გუნდის განახლებით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები მთავრობასაც არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

ცვლილებები მთავრობაში რომ მინისტრთა კაბინეტის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის - დარწმუნებულები არიან მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ახალი მინისტრები საკუთარი პროფესიონალიზმითა და კვალიფიციურობით უწყებებს ბევრ წარმატებას მოუტანენ.

განახლებულ მთავრობის შემადგენლობას მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მიმდინარე კვირას, საკომიტეტო მოსმენების შემდეგ დაამტკიცებს.

დღის ამბები