კოალიცია “ძლიერი საქართველო“ და “ნაციონალური მოძრაობა“ სიის ჩახსნის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ წუთებში მიმართავენ. ეს პროცედურა ითვალისწინებს სიის იმ ნაწილის გაუქმებას, რომელიც პარლამენტში ვერ მოხვდა. ცესკოს სიების ჩახსნაზე ასევე მიმართა “კოალიციამ ცვლილებებისთვის“.
პარტიები ამბობენ, რომ არ აპირებენ არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭონ, თუმცა უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ თუ არა ინდივიდუალური განცხადებებით ეს დღეს არ თქმულა.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, სიების ჩახსნასთან ერთად აქვთ გეგმა, რომელიც ალტერნატიული სახალხო პარლამენტის შექმნას გულისხმობს.
“მივმართავთ ცესკოს შესაბამისი დოკუმენტაციით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. ამავე დროს, გვაქვს კონკრეტული გეგმა, ეს არის ალტერნატიული, სახალხო პარლამენტის შექმნის იდეა იმ არჩეული და მოპარული ხმების დაანგარიშებით, ადამიანებისა და დეპუტატების საფუძველზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პირების ჩართულობით შევქმნათ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტი. მოვთხოვოთ დასავლეთ ამ ალტერნატიული პარლამენტის აღიარება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.