მაკა ბოჭორიშვილი საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ინაცვლებს. შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა, პარტნიორობა ნატოსა და ევროკავშირთან - ეს პრიორიტეტები დაასახელა პირველი დიპლომატის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნებას და მხარდაჭერის გაძლიერებას.
“10 წელია გასული, რაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამ 10 წლის განმავლობაში ჩვენ ასოცირების შეთანხმების შესრულებით, საქართველო გავხადეთ მოწინავე ქვეყანა ასოცირებულ პარტნიორებს შორის. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არის სანიმუშო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება წარმატებით შეასრულო ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები, მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევები. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას და უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროკავშირთან ურთიერთობებში. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მიღწევა ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და ძალიან ხშირად არის მცდელობა, რომ ევროკავშირი რამენაირად აიძულონ, რომ სწორედ ეს გამოიყენონ ინსტრუმენტად საქართველოსთან ურთიერთობებში.
ძალიან სამწუხაროა, როდესაც მე ვხედავ რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომელთაც უღირთ საქართველოს მოქალაქეების დასჯა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ევროკავშირი ძალიან კარგად აფასებს და ეს არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან შეიძლება ჟღერდება და გაჟღერდეს მსგავსი სპეკულაციები, მსგავსი რამ არ მოხდება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ძალიან სერიოზულ შედეგებზე და რეფორმებზე დაფუძნებული მიღწევა. საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამით ესარგებლათ ჩვენს მოქალაქეებს.“ - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
მაკა ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს შეერთებულ შტატებთან სამომავლო ურთიერთობის შესახებაც, რაზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობების პოზიტიურ კონტექსტში გადატვირთვა მოხდება.
“ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ურთიერთობების პოზიტიურ კონტექსტში გადატვირთვა და შევძლებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსით დატვირთვას და ურთიერთობების უფრო გაძლიერებას,“ - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.