26 დეკემბერი 2024,   22:59
ვრცლად
მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო - ოპოზიცია პარლამენტის უფლებამოსილებას არ აღიარებს, თუმცა მანდატებზე ოფიციალური უარის თქმას ჯერ არ ჩქარობს

61 დეპუტატიდან დღეს მანდატის დატოვების მოთხოვნაზე განცხადება მხოლოდ გიორგი ვაშაძემ გააკეთა. თქვა, რომ პარლამენტის კანცელარიას ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტით მიმართა, თუმცა არ დამალა, რომ საკუთარ თანაგუნდელებთან კონსულტაცია არ ქონია. სიების ჩახსნა მოითხოვეს, ოღონდ მათი, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდა - "კოალიცია ცვლილებებისთვის წევრებმა". კოალიცია, სადაც მანდატებზე უარის განაცხადი კამერების წინ არაერთხელ დაწერეს ახლა ამბობენ, რომ პროცედურა ჯერ სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმებას არ მოითხოვს.

რატომ არ მიმართეს უფლებამოსილების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს პირველივე სხდომაზე - ამ დრომდე, "ნაციონალურ მოძრაობაში" არ საუბრობენ. დუმს ექს-პრემიერ გახარიას გუნდიც.

ხალხის რჩეულად პოზიციონირებდა მთელი დღის განმავლობაში "ლელოს" საგარეო ურთიერთობათა მდივანი. გრიგოლ გეგელია სადეპუტატო მანდატით პოლიციელებს ემუქრებოდა კიდეც, თუმცა მისი თანაპარტიელები კვლავ ირწმუნებიან, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ.

ოპონენტების გულწრფელობის მმართველ გუნდში არ სჯერათ. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ სცენარი 2020 წლის იდენტური აღმოჩნდება და ოპონენტების უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში ადგილს მალე დაიკავეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბარიერგადალახული ძალები დამოუკიდებლად არ მოქმედებენ და მათი შემდეგი ნაბიჯი მხოლოდ ლობისტების ნებაზეა დამოკიდებული.

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დღეს დაიწყო. ოპოზიცია პარლამენტის უფლებამოსილებას არ აღიარებს, თუმცა მანდატებზე ოფიციალური უარის თქმას ჯერ არ ჩქარობს.

დღის ამბები