27 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
"პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში პოზიციები შეჯერებულია და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის" - გივი მიქანაძე

პრეზიდენტის არჩევნებისა და ინაუგურაციის თარიღი გარკვეულია, თუმცა უცნობი რჩება, ვის დაასახელებს მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის შემცვლელად. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება და მისი შერჩევის მთავარ კრიტერიუმად პატრიოტიზმს ასახელებენ.

პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შექმნილი საარჩევნო კოლეგია, რომლის ნახევარსაც პარლამენტის დეპუტატები წარმოადგენენ. კოლეგიაში შედიან ასევე თვითმმართველობებისა და აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.

პრეზიდენტის არჩევის პროცედურების შესახებ ისაუბრა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ. 

"კანდიდატთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში პოზიციები შეჯერებულია და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. 300 დელეგატი განახორციელებს 14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში პრეზიდენტის არჩევას. იმისთვის, რომ პრეზიდენტი არჩეულ იქნას, ამისთვის, სულ მცირ,ე 200 დელეგატის ხმა არის. იმ შემთხვევაში, თუკი ვერცერთი კანდიდატი პირველ ტურში ვერ მოაგროვებს ხმას, ამ შემთხვევაში, იმავე დღეს, ანუ 14 დეკემბერსვე გაიმართება მეორე ტური, სადაც უბრალო უმრავლესობით რომელი კანდიდატიც დააგროვებს ყველაზე მეტს ხმას, ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი," - აცხადებს გივი მიქანაძე.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს შედგება.

დღის ამბები