43 დაკავებული და ათობით დაშავებული. დედაქალაქის მთავარ გამზირზე, აქციის დაშლის დროს დაშავებულების ნაწილი კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც. “ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა და “რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი დავით ცაგარელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ დაშავებულია სამინისტროს 32 თანამშრომელი, საიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
რაც შეეხება დაკავებულებს, სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 43 პირი. მათ დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
“ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის ნესტან ლონდარიძის განცხადებით, რამდენიმე დაკავებული უკვე ინახულა და მათ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები აღენიშნებათ.
“ამ ეტაპზე ვინახულე რამდენიმე დაკავებული. რამდენიმეზე მიმდინარეობს შესახლების პროცედურები და ველოდები ამის დასრულებას. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის ყველა მათგანზე გამოყენებულია ფიზიკური ძალა. მეტ-ნაკლებად აღენიშნებათ დაზიანებები სახისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური ძალის გამოყენება ხდებოდა მანქანაში ჩასმის შემდეგ. ისინი სხვადასხვა დროს არიან დაკავებულები, ნაწილი არის დაშლის დაწყებამდე, ნაწილი კი დაშლის შემდეგ“, - განაცხადა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ.
ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, ის ორ დაკავებულს შეხვდა, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, მესამე პირთან შეხვედრა კი ჯერ ვერ შეძლო, რადგან ის შესახლების პროცედურას გადის.
“იზოლატორში მოვინახულე ორი ადმინისტრაციული წესით დაკავებული პიროვნება. მათთან მიმატებით სტანდარტულად არის ოქმები შედგენილი. შეყვანის დოკუმენტაციიდან გამომდინარე, ჩემთვის ცნობილი გახდა 166-ე და 173-ე მუხლები. ეს გახლავთ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მიმართ მუქარა და წინააღმდეგობის გაწევა. რაც შეეხება მესამე პირს, რომელთანაც ჯერჯერობით ვერ მოვახერხე შესაბამისი კონსულტაცია, იმყოფება შესახლების მომენტში, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მესამე პირს ვიზუალურად აღენიშნება ძალიან მძიმე დაზიანება“, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, საპროტესტო აქცია პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ბრიფინგს მოჰყვა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნას ამ ეტაპზე დღის წესრიგში აღარ დააყენებს და მზად არის დამოუკიდებლად შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით აიღო.
ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები, გუშინ საღამოს, “ქართული ოცნების“ ოფისთან შეიკრიბნენ.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს არაერთხელ მიმართეს ოპოზიციის ლიდერებმა და მათ სახალხო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს.