"გარწმუნებთ, ყველა იქნება დასჯილი - დამგეგმავიდან დაწყებული, დამთავრებული იმ კონკრეტული ადამიანით, რომელიც ისროდა მოლოტოვის კოქტეილს და ფეიერვერკს პოლიციის მიმართულებით და აყენებდა მათ მძიმე დაზიანებებს," - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა "დღის კურიერის" კითხვას იმის შესახებ, თუ რას უკავშირდება ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც, ამ წუთებში, რამდენიმე აქტივისტის სახლში მიმდინარეობს.
სუბარის განმარტებით, ქვეყანაში ხდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და მისი ყველა დამგეგმავი და აქტორი აუცილებლად უნდა გამოვლინდეს.
"რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გაუთვითცნობიერებელი თვალისთვისაც ნათლად ჩანს, რომ ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ბუნებრივია, ამ მცდელობას ჰყავს ძალიან ბევრი აქტორი, შემსრულებელი. ბევრმა, შეიძლება, არც კი იცის, რა თამაშში იღებს მონაწილეობას. ყველა დეტალი შეიძლება მე და თქვენ არ ვიცოდეთ, მაგრამ, წესით, უნდა იცოდნენ სამართალდამცველებმა და დარწმუნებული იყოს საზოგადოება ერთ რამეში - ყველა დამნაშავე აგებს პასუხს.
ეს პასუხისგება შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად: პირველი, როდესაც ხდება თავდასხმები პოლიციელებზე, პარლამენტის შენობაზე თუ სხვა სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებებზე, როდესაც ხდება ფეიერვერკებიდან თუ მოლოტოვის კოქტეილებიდან ცეცხლის გაჩენა და ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა, სახელმწიფო ქონების განადგურების მცდელობა, - აქ პოლიცია იქცევა კანიონის ფარგლებში, მაგრამ ძალიან თავშეკავებულად. წარმოიდგინოს ჩვენმა ნებისმიერმა მაყურებელმა, იგივე რომ ხდებოდეს დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან აშშ-ში, როგორი სასტიკი ზომები იქნებოდა გატარებული პოლიციის მხრიდან. მადლობა ჩვენს პოლიციას, რომ ისინი იქცევიან გაცილებით თავშეკავებულად, ვიდრე ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში.
ამას აქვს მეორე მხარე - ეს არის სათავეებთან მისვლა და გამოძიება, თუ რა იგეგმებოდა და ვინ გეგმავდა სინამდვილეში, აქ კი უკვე არ შეიძლება რამეზე თავლის დახუჭვა - ყველა ფაქტი, ყველა დეტალი უნდა იყოს გამოძიებული. გარწმუნებთ, ყველა იქნება დასჯილი - დამგეგმავიდან დაწყებული, დამთავრებული იმ კონკრეტული ადამიანით, რომელიც ისროდა მოლოტოვის კოქტეილს და ფეიერვერკს პოლიციის მიმართულებით და აყენებდა მათ მძიმე დაზიანებებს," - აცხადებს სოზარ სუბარი.