საქართველო არ გასულა გაწევრიანების პროცესიდან და რჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატად, - ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაცია "ქუინსი ინსტიტუტის" სტატიაში, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეძღვნება.
სტატიის ავტორის, ალმუტ როხოვანსკის თქმით, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებდა ევროკავშირთან უკვე შეთანხმებული რეფორმების გატარებას და აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირი შესთავაზებდა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, ის იმავე დღეს მოაწერდა ხელს ამ შეთავაზებას.
"საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება შეიძლება იყოს სიმბოლური აქტი მატერიალური შედეგების გარეშე, მაგრამ სიმბოლიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დასავლეთსა და საქართველოს მსგავს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. კობახიძემ საქართველოს ამ მძიმე მდგომარეობას უწოდა "შანტაჟი" ევროკავშირის მხრიდან: გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისა და საბიუჯეტო მხარდაჭერის პირობად იქცა საქართველოს სუვერენიტეტის არსებითი ელემენტების დათმობა. თითქოს თავისი აზრის საილუსტრაციოდ, იმავე დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც მოითხოვდა არჩევნების ხელახლა ჩატარებას არა ეუთოს, არამედ ევროკავშირის მონიტორინგით, ასევე ქართველი ჩინოვნიკებისა და მოსამართლეების სანქცირებასა და აქტივების გაყინვას",- წერს ავტორი.
ავტორის თქმით, ერთმა რეგიონულმა ანალიტიკოსმა საქართველოს ქმედებები "გეოპოლიტიკურ უკანდახევად" შეაფასა.
"ეს, შესაძლოა ფროიდისეული წამოცდენა ყოფილიყო, ან გამიზნულად გაკეთებული განცხადება, რომელიც ასახავს დასავლურ ტენდენციას, ერთმანეთს შეუთავსოს გეოპოლიტიკა და დემოკრატია. ეს მიდგომა, რომელიც სუვერენულ პოლიტიკასა და მმართველობაში სულ უფრო მეტ ჩარევას მოითხოვს, მოწყვლად ქვეყნებს შეუსრულებელ მოთხოვნებს აკისრებს და მათ მიმართ ხელების გრეხისა და სულ უფრო ხისტ მეთოდებს მიმართავს, ვერ აღადგენს კონსტრუქციულ პარტნიორობას, რომელიც ოდესღაც გვქონდა საქართველოსთან და კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული კრიზისის გაღვივებას", - აღნიშნავს ავტორი.