"ქართული ოცნების" წევრი ალი ბაბაევი "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. ის "კურიერს" უყვება, რომ კოსტავას ქუჩაზე, 3 დღის წინ, ელისაშვილი მოულოდნელად თავს დაესხა. მიღებული ფიზიკური დაზიანებების შედეგ ბაბევი კლინიკაში გადაიყვანეს. მან მომხდარის დეტალებზე ჩვენება უკვე მისცა.
ინციდენტიდან 2 დღეში, ალეკო ელისაშვილი "ქორთიარდ მარიოტთან" მაშინ დააკავეს, როდესაც ოპოზიციური შეკრებიდან გამოვიდა. ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულს ბრალი პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის მუხლით წარუდგინეს. ელისაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, პოლიციას კი, დაკავების შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.
კოსტავას გამზირზე, ერთ-ერთ აფთიაქთან 2 დეკემბერს მომხდარი შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა გადაიღო. კადრებში ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება ჩანს, რის შემდეგაც ვითარება იძაბება და ფიზიკური დაპირისპირების განმუხტვას თვითმხილველები ცდილობენ. ეს ვიდეო ელისაშვილის წინააღმდეგ საქმეზე ერთ-ერთი მტკიცებულებაა.
დაკავებული ყოფილი თანაგუნდელი სახალხო დამცველმა იზოლატორში მოინახულა. ლევან იოსელიანმა ელისაშვილის მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის გამოძიება უკვე მოითხოვა.
თანაგუნდელის დაკავებას უსაფუძვლოს უწოდებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ანგარიშსწორება წინასწარ იყო დაგეგმილი.
ოპოზიციისგან განსხვავებით, ელისაშვილის ქმედებას ძალადობად მიიჩნევს მმართველ გუნდი. უმრავლესობის ლიდერმა კი, რომელსაც ელისაშვილმა რამდენიმე ხნის წინ პარლამენტში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ფაქტის შეფასება გამოძიებას მიანდო.
ალეკო ელისაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. პოლიტიკური დევნისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმალურ სასჯელად 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.