26 დეკემბერი 2024,   14:16
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობის თანხებს ფლანგავდა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა გაახმოვანა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია და უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასაბუთებული იყო.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დავით კეზერაშვილის საქმეზე, სამართლიანი იყო. თუმცა, სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის ყოფნა მოსამართლეთა კოლეგიაში სააპელაციო სარჩელის განხილვისას საკმარისი იყო უზენაესი სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვის შესატანად. თუმცა, განაჩენის და მიზეზების განხილვის შემდეგ, სტრასბურგმა არ ჩათვალა დაუსაბუთებლად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

თავად დავით კეზერაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპის უარყოფაა. იმ განცხადებაში, რომელიც კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ამბობს, რომ მისი საქმის განხილვა ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევით მოხდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შეფასებისას, პრემიერ-მინისტრმა პარტნიორებს ისიც შეახსენა, რომ დავით კეზერაშვილი ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს, რაც კობახიძის თქმით, ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ინსტიტუტების რეპუტაციას ლახავს.

დავით კეზერაშვილის თანამოაზრეები დეტალების გაცნობამდე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრისგან თავს იკავებენ. იქამდე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა, ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.

სახელისუფლებო გუნდში, საქართველოს მიერ სტრასბურგში მოგებულ მორიგ საქმეზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ სპეკულაციებს დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგმა საბოლოო წერტილი დაუსვა. უმრავლესობის ლიდერმა დღეს, კიდევ ერთხელ განმარტა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.

უზენაესმა სასამართლომ, 2021 წლის სექტემბერში, დავით კეზერაშვილის საქმეზე, ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ ცნო. გამოძიების მიხედვით, კეზერაშვილმა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიასთან ხელშეკრულება, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმური საბრძოლო მომზადების შესახებ გააფორმა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება 5 060 000 ევრო იყო. გამოძიების ინფორმაციით, ეს თანხა კომპანიის ანგარიშზე კეზერაშვილის ბრძანებით ისე გადაირიცხა, რომ სანაცვლოდ შესასრულებელი ვალდებულება - სამხედრო წვრთნები არ ჩატარებულა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა. დოკუმენტში ვრცლად არის განხილული საქმის დეტალები და მასზე ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი პროცედურები. მე აქვე გეტყვით, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2021 წელს დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დამნაშავედ ცნო ხუთ მილიონ ევროზე მეტი თანხის გაფლანგვაში. კეზერაშვილს სასჯელის სახით დაუსწრებლად ათწლიანი პატიმრობა განესაზღვრა, თუმცა ამნისტიის გამო სასჯელი განახევრდა.

დღის ამბები