საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები დაუწესა. ვოლოდიმირ ზელენსკის სიაში "ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერი, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები და მოსამართლეები მოხვდნენ. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
ეს იყო უცხოური ძალების მხრიდან, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელით გაკეთებული საჩუქარი ქართული ოპოზიციისთვის - ასე აფასებს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ მათ ოპონენტებს სხვა გეგმებიც აქვთ, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს უკავშირდება.
სახელისუფლებო გუნდის წევრების დასანქცირებისთვის, სოციალური ქსელით ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება პოზიტიური გზავნილია ოპოზიციისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ოპოზიცია სხვადასხვა ქვეყანაში, კონკრეტული მოთხოვნებით ჩადის.
დასანქცირებაზე საუბრობს ვაშინგტონიც. შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ვაშინგტონი მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას მკაცრად გმობს. ამერიკელი მაღალჩინოსნების პოზიციაზე მედიის კითხვებს უპასუხა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ტრამპს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ამ ფონზე სანქციებით მუქარა გაუგებარია.