26 დეკემბერი 2024,   14:22
ვრცლად
სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლებით დაკავებულთა რაოდენობა იზრდება - დაკავებული პირები ბრალის წარდგენას ელოდებიან

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით, გუშინ დაკავებული 7-ვე პირი ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მათ შორის არის ორგანიზაცია "დაფიონის" დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძეც. ადვოკატის ინფორმაციით, ის დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატი ვერ აზუსტებს, უკავშირდება თუ არა ცეცხლაძის დაკავება რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეო მიმართვას, სადაც დაფიონის დამფუძნებელი აქციის მონაწილეებს ინსტრუქციებს აძლევდა, როგორ ემოქმედათ სამართალდამცველების წინააღმდეგ და იქვე მაიდანის სცენარსაც ახსენებს. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება პარტია "ლელოს" 2 წევრიც. სოციალური ქსელებით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის ვიდეომასალაც. კადრებში ორი პირი ერთმანეთს ხანძრების გაჩენასა და დივერსიების მოწყობაზე ესაუბრება.

წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება ნიკა გვარამიაც, რომელიც "დროას" ოფისთან სამართალდამცველისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. პოლიციასა და კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გვარამია "დროას" ოფისში შესვლას ცდილობდა, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ იცის, რა მუხლით არის დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი. ამავე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს კოალიციის კიდევ ერთი წევრი, გელა ხასაიაც. ადმინისტრაციული წესით დააკავეს გუშინ ნაციონალური მოძრაობის 5 წევრიც. მათ პოლიციას წინააღმდეგობა მაშინ გაუწიეს, როცა სამართალდამცველები პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში ჩხრეკაზე მივიდნენ.

შსს-ს წარმომადგენლებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ნივთმტკიცების სახით მასალა სატვირთო მანქანით წაიღეს საგამოძიებო მოქმედებები გუშინ მოძრაობა "ჯიუტების", პარტია "დროას", გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისებსა და 6 პირის საცხოვრებელ სახლებშიც ჩატარდა. ჩხრეკები შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას, მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება გულისხმობს.

დღის ამბები