დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები - საკუთარ მოთხოვნებზე ოთხმა ბარიერგადალახულმა პარტიამ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა. მათი განცხადებით, ისინი ითხოვენ იმ პირების პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ.
"სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისში შევარდნა, ჩხრეკა, ადამიანების დაკავება - ეს ემსახურება იმას, რომ საზოგადოება დააჯერონ იმაში თითქოს არსებობს რაღაც კონსპირაცია, რაღაც შეთქმულება, საიდანღაც ოფისებიდან იმართება პროტესტები, რომელთა მიზანი არის ქვეყანაში არეულობის მოწყობა. აქედან გამოსავალი არის ახალი არჩევნები იმისათვის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში და გააგრძელოს განვითარება ისე, როგორ იმსახურებს ეს ქვეყანა და როგორც ესაჭიროება ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს", - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე.
ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა მოუწოდეს პარტნიორებსაც, გადავიდნენ ქმედით ნაბიჯებზე.
"ვითხოვთ უკანონოდ დაპატიმრებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ერთიანობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება და ჩვენ მათ შორის ვხედავთ იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელსაც ქართველი ხალხი ქვეყნის დემოკრატიის და ეროვნული მომავლის დაცვის გზაზე იღებს ცივილიზებული დასავლეთისგან. თქვენ ნახეთ გუშინ სანქციების ახალი პაკეტი, უკრაინის პრეზიდენტის განცხადება.
თქვენ ხედავთ მათ შორის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც შეერთებული შტატების მხრიდან არის ქართველი ხალხის მისწრაფებაზე ვიყოთ დემოკრატიულები, ვიყოთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრები", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია.