"მაგიდაზე დევს ერთადერთი გონივრული ალტერნატივა. ყველა უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოებრივ და საკონსტიტუციო ველს, უარი თქვან უაზრო შეტაკებასა და აგრესიაზე, რომელიც აზიანებს მოქალაქეებს და განაგრძონ კანონის დაცვით პარტიული საქმიანობა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამ დღეებმა გვაჩვენა, რომ მიუხედავად პარტიული ორგანიზებისა და კარგად მომზადებული აქტივისტების მიერ აგრესიული ჯგუფების წახალისებისა, დემონსტრაციის ეს ტალღა ვერ აღწევს დასახულ მიზანს, მოაწყოს ქვეყანაში გადატრიალება, რევოლუცია, ქვეყნის ჩამოშლა და საბოტაჟი.
"სწორედ ამიტომ, მაგიდაზე დევს ერთადერთი გონივრული ალტერნატივა. ყველა უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოებრივ და საკონსტიტუციო ველს, უარი თქვან უაზრო შეტაკებასა და აგრესიაზე, რომელიც აზიანებს მოქალაქეებს და განაგრძონ კანონის დაცვით პარტიული საქმიანობა. ნაცვლად გაფიცვებისკენ მოწოდებისა თუ პეტიციების შედგენისა, რომელიც ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს, გარდა სისტემის თვითლუსტრაციისა, მოქალაქეების ამ ჯგუფებმა სჯობს, გაამჟღავნონ, ვის დაუჭირეს მხარი არჩევნებზე და მათ რჩეულ პარტიებს მოსთხოვონ პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის ხვალინდელ დღეზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.