26 დეკემბერი 2024,   14:25
ვრცლად
"საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი არის საბოლოოდ დასამარცხებელი და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება" - ირაკლი კობახიძე

"ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპულები ლიბერალურ ფაშიზმთან დაპირისპირებაში "- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც პოლიტიკას, მედიასა და კულტურის სფეროს შეეხო, ჯერ არ დასრულებულა და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.

"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი არის საბოლოოდ დასამარცხებელი და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

ვხედავდით, ამ დღეებშიც, ამ იდეოლოგიის მიმდევრებმა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ყველაფერი უკადრებელი, ისინი შეეხნენ ადამიანების ღირსებას, ისინი ძალადობდნენ, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით, როგორც პოლიციელებზე, ასევე არა პოლიციელებზე. ვხედავდით ზეწოლას ბიზნესმენებზე, ბიზნესზე, ისინი შეიჭრნენ ტელევიზიაში, მათ ჰქონდათ ომის იმიტაცია. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რასაც აკეთებდნენ, თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, თუმცა ამას აკეთებდნენ სხვა უფრო სუსტი ფორმით, გამომდინარე იქიდან, რომ მათ დღეს არ აქვთ ის ძალაუფლება, რაც ჰქონდათ 2012 წელამდე.

ვხედავთ, რომ ლიბერალური ფაშიზმი ცდილობს შეღწევას ყველგან - პოლიტიკაში, მედიაში, კულტურის სფეროში, განათლების სისტემაში, თავიდან დაიწყეს უნივერსიტეტებით და ახლა სკოლებშიც კი სცადეს შეღწევა. ლიბერალური ფაშიზმი ზუსტად ისევე ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, როგორც ამას ახდენდა ბოლშევიზმი, ზუსტად ერთი საუკუნის წინ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპულები, ლიბერალურ ფაშიზმთან დაპირისპირებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები