"რეალურად ყველაფერი აქვთ აღიარებული, არაფერი არ აქვთ საერთოდ, რჩება ბიულეტენების გაჟონვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ირღვეოდა ხმის ფარულობა, თუ ამომრჩეველი არასწორად მოქმედებდა, ეს იყო თავიდან ბოლომდე ამომრჩევლის პასუხისმგებლობა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას ძალიან ეშინია ეუთო/ოდირის გამომდინარე იქიდან, რომ ეუთო/ოდირმა უკვე შეაფასა ეს არჩევნები როგორც კონკურენტული.
"ეუთო/ოდირის ძალიან ეშინია რადიკალურ ოპოზიციას გამომდინარე იქიდან, რომ ეუთო/ოდირმა უკვე შეაფასა ეს არჩევნები როგორც კონკურენტული და ეს კამპანია ეუთო/ოდირის წინააღმდეგ დაიწყო ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ჩატარდებოდა არჩევნები - ესეც გახსოვთ. ჯერ გახარიას გააკეთებინეს პატრონებმა განცხადება, შემდეგ უკვე გვარამიას გააკეთებინეს ეუთო/ოდირის წინააღმდეგ, ჯერ საერთოდ შეფასება არ იყო დადებული იმ დროისთვის.
მას შემდეგ, რაც დაიდო ეუთო/ოდირის შეფასება ეს კამპანია კიდევ უფრო გაძლიერდა ეუთო/ოდირის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეუთო/ოდირი ამსხვრევს თავიდან ბოლომდე ოპოზიციის და მათი პატრონების გეგმებს გამომდინარე იქიდან, რომ არჩენების ლეგიტიმაცია აქვს აღიარებული უკვე ეუთო/ოდირს. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ამ ყველაფერს არ გაექცევიან და ეუთო/ოდირთან ერთად მთავარი არის თვითონ ფაქტები.
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ „ლელოს“ აქვს აღიარებული საკუთარი შედეგი - ხაზარაძე გამოვიდა და თქვა, რომ დაახლოებით 200 000 ხმა აქვთ მიღებული, როდესაც ოფიციალურად 182 000. ანუ რეალურად ეთანხმება ცესკოს მიერ დადებულ შედეგს.
გახარიას პარტიის ერთ-ერთ ლიდერს აქვს ნათქვამი, რომ ისინი უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ 161 500 ამომრჩეველს, ანუ აღიარებული აქვთ თავად ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგი.
გუშინ გამოდიოდა გვარამიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჭყონია თუ არ ვცდები, რომელიც აცხადებდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს მიღებული 700 000 ხმა, ისიც კი არ იცის, რომ რეალურად 785 000 ხმა აქვს მიღებული, მაგრამ თავი დავანებოთ ამას. ანუ ისიც აღიარებს რადიკალური ოპოზიციის შედეგს.
ასევე ყველა აღიარებს იმას, რომ 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იყო მისული და უპრეცენდენტო აქტივობა დაფიქსირებული ამ არჩევნებზე. რეალურად ყველაფერი აქვთ აღიარებული. იყო ელექტრონული აპარატები, ხმას აძლევდნენ ამომრჩევლები ელექტრონული აპარატის მეშვეობით და 8 საათზე ღილაკზე თითის დაჭერით იბეჭდებოდა საარჩევნო ოქმები, სადაც მანიპულაცია უბრალოდ შეუძლებელია.
არაფერი არ აქვთ საერთოდ, რჩება გაჟონვა, ამბობენ, რომ გაჟონა ბიულეტენებმა და აქაც მინდა შეგახსენოთ, რომ როგორც არ უნდა გაეჟონა ამ ბიულეტენს, ეს ბიულეტენები იდო კონვერტებში და ამომრჩეველი ხმას აძლევდა კონვერტების მეშვეობით. მხოლოდ იმ შემთხვევაში ირღვეოდა ხმის ფარულობა, თუ ამომრჩეველი არასწორად მოქმედებდა, ეს იყო თავიდან ბოლომდე ამომრჩევლის პასუხისმგებლობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.