საქალაქო სასამართლო ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გუშინ დღის ბოლოს დამატებით სამედიცინო კვლევებზე დროებით "ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში დააბრუნეს. ელისაშვილს გამოძიება "ქართული ოცნების" წევრის, ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ძალადობაში ადანაშაულებს. გავრცელდა ქუჩაში დამონტაჟებული კამერით გადაღებული კადრებიც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ელისაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრის ლევან სამუშიას განცხადებით, ალეკო ელისაშვილი "რუსული რეჟიმის ტყვეა".
"ალეკო ელისაშვილი არის რუსული რეჟიმის ტყვე. გაზაფხულის აქციებზე, როდესაც ის გაიტაცეს და ცემეს, ამის შესახებ პასუხისმგებლობის საკითხი არავის დაკისრებია, გვახსოვს ალბათ. რა ხდება, საერთოდ სამართალზე თქვეს ამ ადამიანებმა უარი," - აცხადებს სამუშია.