მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებს მიმართავს - "მთავარია, კიდევ უფრო მეტად მიაწვეთ. მთავარია არ მოვეშვათ. ეს არის ზვავის დასაწყისი", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩართვისას.
სააკაშვილის თქმით, სამთავრობო შენობები ხალხმა საკუთარი დაცვის ქვეშ უნდა აიყვანოს, აღადგინოს წესრიგი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახალი არჩევნები ჩაატაროს.
"მივმართავ ქუჩაში მყოფ თანამოქალაქეებს: ეს არის მთლიანად თქვენი ბრძოლა. ეს არ არის არავის საკუთრება. ვერცერთი პოლიტიკოსი ამას ვერ მოაჯდება და არ მოისვათ არცერთი პოლიტიკოსი თავზე. ვერავინ მოაჯდება ამ ტალღას, ვერავინ მიიწერს ამას საკუთარ თავზე.
არიან წკიპზე, არიან მიმდგარი კუთხეში, ახლა მთავარია ამ კუთხიდან არ გამოუშვათ ეგენი, ახლა მთავარია არ მოვეშვათ. თქვენ ისე ბრწყინვალედ ხართ თვითორგანიზებული, თქვენ არავისგან არანაირი მითითება არ გჭირდებათ, თუნდაც ისეთი ძველი რევოლუციონერისგან, როგორიც მე ვარ. თქვენ იცით, რა უნდა გააკეთოთ. მთავარია, კიდევ უფრო მეტად მიაწვეთ.
რამდენიმე ასეულ თვითგამოცხადებულ ტიპს დაკავებული აქვთ თვითნებურად სამთავრობო შენობები. მე თქვენს ადგილას იმაზეც ვიფიქრებდი, რას ნიშნავს, რატომ სხედან იმ შენობებში?!" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე