26 დეკემბერი 2024,   14:22
ვრცლად
"არ არის სხვადასხვა მიდგომა... დღეს მისთვის დამაჯერებელია ის არგუმენტაცია, რაც არჩევნების შედეგების გადაწერაზეა წარდგენილი, მაშინ არ იყო" - გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. კითხვაზე, უნდა დაელოდოს თუ არა ეუთო-ოდირის საბოლოო ანგარიშს, პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ კრიზისი არაფერს არ ელოდება.

მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის შეცვლილ პოზიციებზე საუბრობს და იხსენებს პრეზიდენტის ძველ განცხადებებს, როდესაც 2020 წელს, პარლამენტში გამოსვლისას ამბობდა, რომ დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გაყალბების რეალური მტკიცებულებების გარეშე ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

საკითხს სხვაგვარად უდგება ოპოზიციის ნაწილი. კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პირიქით - ეს ყველაფერი პრეზიდენტის ობიექტურობაზე მიუთითებს, რადგან მსგავსი შეფასებები მხოლოდ მაშინ გააკეთა, როდესაც არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებები მის დასარწმუნებლად საკმარისი აღმოჩნდა.

"მე ვფიქრობ, რომ არ არის სხვადასხვა მიდგომა. პირველ რიგში, მან უნდა გააკეთოს განმარტება, მაგრამ დღეს მისთვის აბსოლუტურად დამაჯერებელია ის არგუმენტაცია, რაც არჩევნების შედეგების გადაწერაზეა წარდგენილი - მაშინ არ იყო. შესაბამისად, ეს ადამიანი ამბობს, რომ მე, ახლა არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად დადასტურებულია, რომ შედეგები გადაიწერა, მაშინ მე ასე არ ვფიქრობდი, რადგან მინდოდა მეტი მტკიცებულება. ეს პირიქით - მის ობიექტურობას მიუთითებს, შესაბამისად, მის ამ პოზიციას მეტი სანდოობა უნდა ჰქონდეს დღევანდელ რეალობასთან დაკავშირებით," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

დღის ამბები