პარტნიორების მიერ მისაღებ სასურველ გადაწყვეტილებებში სანქციები პირველ ადგილს იკავებს. ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნებს შორისაა ბოლო დღეებში დაკავებულების გათავისუფლება, ახალი არჩევნები და დაუმორჩილებლობა. ოთხივე პარტიაში ამბობენ, რომ მათი სამოქმედო გეგმა სწორედ ამ საკითხების გარშემო დაიგეგმება.
ოპონენტების ბოლოდროინდელი მოწოდებები სახელისუფლებო გუნდისთვის არასერიოზული კამპანიის ნაწილია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციის ინტერესი მხოლოდ ძალადობრივი გზით არეულობის შემოტანაა.
ძალადობრივი გზით ქვეყანაში ვითარების დაძაბვის ბრალდება, ადრესატების თქმით, კონსპირაციის თეორიაა. ოპოზიციაში სახელისუფლებო ძალას საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებენ.
პარტიულ ოფისებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს პრემიერ-მინისტრი ძალადობის კერის განეიტრალებას უწოდებს. მმართველი პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციას კონსტიტუციური წყობილების სწორედ ძალადობის გზით შეცვლის მცდელობა ჰქონდა.
საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქის მასშტაბით 28 ნოემბრიდან დაიწყო, როდესაც მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე დროებით ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს საკუთარი ინიციატივით აღარ დააყენებდნენ.