რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, ზედიზედ მე-9 დღეა, აპროტესტებენ. 9 დღიდან ბოლო 3 დღე მშვიდია. ამ დროისთვის, გაისმა პიროტექნიკის აფეთქების რამდენიმე ხმა. პარლამენტთან არც ძალოვანი უწყებების განსაკუთრებული მობილიზებაა. აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა, პერიოდულად, კვლავ ისმის რკინის ჯებირებზე ბრახუნისა და სასტვენების ხმა.
აქციის მონაწილეებმა შეკრება საკანონმდებლო ორგანოს წინ 19:00 საათისთვის დაიწყეს. ხალხი ამ დრომდე მიდის რუსთაველის გამზირზე.
პროტესტის მონაწილეების ძირითადი ნაწილი პარლამენტის წინა მხარეს დგას, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კი მოძრაობა პოლიციის კორდონებითაა შეზღუდული.
ცოტა ხნის წინ, მომიტინგეებს მსვლელობით შეუერთდა ტურიზმის სექტორი.