26 დეკემბერი 2024,   14:34
ვრცლად
"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცალსახად გამოიკვეთა, რომ საპროტესტო აქცია და ძალადობრივი ქმედებები სწორედ რადიკალური ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული" - დავით მათიკაშვილი

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცალსახად გამოიკვეთა ის უტყუარი ფაქტი რომ, რეალურად, ის საპროტესტო აქცია და ძალადობრივი ქმედებები, რასაც ჩვენი საზოგადოება აკვირდებოდა ამ დღეების განმავლობაში, იყო სწორედ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა დავით მათიკაშვილმა ბოლო 2 დღეში ჩატარებულ ჩხრეკის ოპერაციებთან დაკავშირებით გააკეთა.

მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს "რევოლუციის მოწყობის სურვილზე რადიკალური ოპოზიციის მხრიდან".

"ყველა ის ინვენტარი, ამ ძალადობისთვის ინახებოდა მათ ოფისებსა და სახლებში. დღეს ამოიღეს კონკრეტული პირის სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც დავით კეზერაშვილს უკავშირდება. მსგავსად პიროტექნიკისა, ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენაც ცალსახად უთითებს რევოლუციის მოწყობის სურვილს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. აქ ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ მშვიდობიან პროტესტზე - სახეზე იყო სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა რასაც, რა თქმა უნდა, პასუხი გაეცა," - აცხადებს მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში, კრიმინალური პოლიცია ოფისებსა და ბინებში ჩხრეკას აწარმოებდა. საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: რამდენიმე ათეული ცეცხლსასროლი იარაღი, დიდი ოდენობით თანხა, ჩაფხუტები, აირწინაღები, პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები და სხვადასხვა სახის ხსნარი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები