26 დეკემბერი 2024,   14:26
ვრცლად
პრეზიდენტისთვის აქტუალური აღარც 26 ოქტომბრის არჩევნებია და აღარც - ეუთო/ოდირი, რომელსაც საბოლოო ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია - სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

"დემოკრატიის არსის უარყოფა ისაა, როცა მტკიცებულებების გარეშე არ აღიარებ არჩევნების შედეგებს და არ შედიხარ პარლამენტში" - კითხვაზე, – "ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს არ უნდა დაველოდოთ? სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:

"კრიზისი არ ელოდება არაფერს, კრიზისი არის ჩვენს ქუჩებში. არჩევნები მორჩა, არჩევნების გაყალბება უკვე დადასტურდა ქვეყანაში, ეს არის პრობლემა. ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, მე კი არ ვარ. არ არის აღიარებული ეს არჩევნები ხალხის მიერ, პოლიტიკური ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, კრიზისია. გვინდა, არ გვინდა, კრიზისია. ეუთო/ოდირი დამთავრებულია, უკვე არის კრიზისი, არავინ აღარ ელოდება".

პრეზიდენტისთვის აქტუალური აღარც 26 ოქტომბრის არჩევნებია და აღარც ეუთო/ოდირი, რომელსაც საბოლოო ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია. სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ამბობს, რომ ქვეყანაში კრიზისია, მათ შორის, ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტის გამო.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამას ერთსა და იმავე, იდენტურ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის რადიკალურად შეცვლილი პოზიციაც ადასტურებს. მისი თქმით, თუკი ზურაბიშვილი 2020 წელს საპარლამენტო მანდატებზე ოპოზიციის უარს დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებდა, ახლა ის ანალოგიური ქმედებისკენ პარტიებს თავად მოუწოდებს.

"დემოკრატიისა და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერ მიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულებების გარეშე ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ, ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდატზე და მრავალპარტიულ პარლამენტზე" - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა 2020 წელს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გააკეთა. მაშინ პრეზიდენტმა საპარლამენტო სესია გახსნა. ოპოზიციას მისი დღევანდელი პოზიცია მოსწონს და 4 წლის წინანდელი განცხადების გამართლებასაც ცდილობს, თუმცა ზოგიერთისთვის გაუგებარია, 26 ოქტომბრის არჩევნებისგან განსხვავებით, რატომ არ უჭერდა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას მხარს 2020 წლის პოსტსაარჩევნო პერიოდში.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას სანდოობა ვერ ექნება, რადგან სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში დამარცხებას ვერ ეგუება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პროცესები 2020 წლის ანალოგიურად ვითარდება - ერთი განსხვავებით: ოპოზიციასთან ერთად, წელს არჩევნების გაყალბების დეზინფორმაციულ კამპანიაში სალომე ზურაბიშვილიც ჩაერთო.

სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა ეწურება. უკვე დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს ის არალეგიტიმურ უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტად რჩება.

დღის ამბები