"ნამდვილად წარმოუდგენელი იქნება, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობისა და ჩვენი ეროვნული ინტერესის საპირწონედ იყოს ვიზალიბერალიზაცია," - ამის შესახებ პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
წილოსანის თქმით, მისთვის გაუგებარია, თეორიულად, რატომ შეიძლება საფრთხე შეექმნას უვიზო რეჟიმის ფუნქციონირებას.
"რაც ასევე ამოვიკითხეთ ამ შეფასებიდან, არის ის, რომ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს, ეს არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს და ასევე, ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს.
ნამდვილად წარმოუდგენელი იქნება, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობისა და ჩვენი ეროვნული ინტერესის საპირწონედ იყოს ვიზალიბერალიზაცია. კონკრეტული კატეგორია ადამიანებისთვის ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი, გარკვეულწილად შეიძლება აღვიქვათ, რომ არის სანქციების მაგვარი ზომა. თუმცა ამაზეც ვერ ვიტყვით, იმიტომ, რომ არც ამ კონკრეტული კატეგორიის ადამიანების მიმართ არსებობს არანაირი დადასტურებული დანაშაულის ნიშნები და მათი ბრალეულობა არაფერში არ იკვეთება. ჯერ არ ვიცით ვისზეა საუბარი, თუმცა თეორიულადაც რომ ვიმსჯელოთ, არ არსებობს წინაპირობა იმისა, რომ რაღაც კატეგორიზაცია მოხდეს ადამიანების, ვის შეუძლია თავისუფლად შესვლა ევროკავშირში და ვის არა. მთლიანად საქართველოს მოქალაქეები იცავენ ყველა იმ პირობას, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს ვიზალიბერალიზაციის პროცესში," - განაცხადა ნინო წილოსანმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკომისიის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში წერია, რომ: "საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობაში მოყვანის კუთხით წინსვლა არ განუცდია." ამასთან აღნიშნულია, რომ: "საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, მიღებულ უნდა იქნეს რიგი გადაუდებელი ზომებისა კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად." ევროკომისიის ანგარიშში, ასევე, ჩამოთვლილია ის მითითებები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს.