ევროკომისია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ, გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებით უკვე მსჯელობს - ანგარიში დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა. დოკუმენტი აფასებს საქართველოს პროგრესს და გასცემს რეკომენდაციებს, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების თავიდან ასარიდებლად. მათ შორის არის მოთხოვნა გამჭვირვალობისა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონების გაუქმებისთვის გადაუდებელი ზომების მისაღებად.
ანგარიში პოზიტიურად აფასებს იმ ძირითადი კრიტერიუმების შესრულებას, რაც უსაფრთხოებას, მიგრაციას, საზღვრის მართვას, დაბრუნებასა და რეადმისიას, ასევე, ევროკავშირის სტრუქტურებთან თანამშრომლობას უკავშირდება.
როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროკომისიისგან ასეთი შეფასება მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეყანამ წინა ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი უკვე შეასრულა. მისი თქმით, არ არსებობს ობიექტური გარემოება, რის გამოც, ვიზალიბერალიზაციას შესაძლოა საფრთხე შეექმნას.
ხელისუფლების ოპონენტები ინდივიდუალური სანქციების აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა აქვთ მეტის მოლოდინიც. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია სავიზო რეჟიმის შეჩერების ამოქმედებას გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებით განიხილავს, ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ საფრთხე მთლიანად ქვეყანას ემუქრება.
სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ საკითხის დღის წესრიგში დაყენება კონკრეტულ მიზნებს ემსახურება, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მაშველ რგოლად განიხილავს. უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სპეკულაციურია საკითხის დაკავშირება გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონებთანაც.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ - ეს 19-20 დეკემბერს, ევროპული საბჭოს შეხვედრაზე გაირკვევა, თუმცა მანამდე საკითხს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო განიხილავს.