26 დეკემბერი 2024,   14:22
ვრცლად
სამალავი კედლის უკან და რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - რა ამოიღეს კეზერაშვილის სახლიდან

ადვოკატი, ბექა ბასილაია დავით კეზერაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. ამაღლების 12 ნომერში მდებარე ბინაში პოლიციამ სპეციალური სამალავი იპოვა, საიდანაც კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათი, რამდენიმე ათეული რეგისტრირებული და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები და საბრძოლო ვაზნები ამოიღო.

გამოძიების ინფორმაციით, ბინაში პერიოდულად დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა და "ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი - დიმიტრი ჩიქოვანი ცხოვრობს. ბექა ბასილაია ამტკიცებს, რომ ჩიქოვანს ამოღებულ ნივთებთან კავშირი არ აქვს.

საგამოძიებო მოქმედებებთან პოლიტიკურ კავშირს ვერ ხედავს სახელისუფლებო პარტია. მეტიც, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კანონისგან თავის არიდების შესაძლებლობას, მათ ოპონენტებს ვერავინ მისცემს.

ოპოზიციას კითხვები აქვს, რატომ დაინტერესდა შინაგან საქმეთა სამინისტრო დავით კეზერაშვილის სახელზე რეგისტრირებული ბინით მაინცდამაინც ახლა. მმართველი გუნდის ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ამ ფორმით ხელისუფლება საზოგადოების ყურადღების სხვა საკითხზე გადატანას ცდილობს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა მიმდინარე აქციებში, მათი ოპონენტების გეგმები გამოააშკარავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დავით კეზერაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში ჩხრეკა 5 დეკემბერს ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებებს მალევე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრიც. კეზერაშვილი ამბობს, რომ ამოღებული იარაღის ნაწილი მას ეკუთვნის, მისი თქმით, ყველაფერი რაც არ არის გაფორმებული, უწყების მიერ ჩადებულია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა როგორც კონკრეტული პარტიების ოფისებში, ასევე საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების საცხოვრებელ სახლებშიც.

 

დღის ამბები