26 დეკემბერი 2024,   14:38
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება - ადგილზე არ დგას სპეცრაზმი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარებას მხოლოდ საპოლიცო ძალები აკონტროლებენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. პროტესტი ამ დრომდე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დემონტრანტებს აქციის ბოლო საათებში აღარ გამოუყენებიათ არც პიროტექნიკა და ფოიერვერკი, ისინი ანათებენ ლაზერს და საკანონმდებლო შენობაზე სხვადასხვა წარწერას აკეთებენ, პერიოდულად ისმის საყვირის, ბრახუნისა და შეძახილების ხმა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები. 

ამ ეტაპზე ტერიტორიაზე არ ჩანს სპეცრაზმი, ჭიჭინაძის ქუჩაზე მხოლოდ საპოლიციო ძალები არიან განთავსებული.

რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანები.

დღეს საპროტესტო აქცია დღის 13:00 საათზე დაიწყო, თუმცა პროტესტის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი ტრადიციულად 19:00 საათზე, პარლამენტის წინ შეიკრიბა. გადაკეტილია რუსთაველის გამზირიც.

მოქალაქეების პროტესტი უკვე მეათე დღეა, რაც გრძელდება. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს.

 

დღის ამბები