"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტსა და ოპერატორს, რომლებზეც ცოტა ხნის წინ თავდასხმა განხორციელდა, სასწრაფოს ექიმები დახმარებას უწევენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბესიკის ქუჩაზე იმ დროს მოხდა, როდესაც გადამღები ჯგუფი მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა. ოპერატორს თავზე აქვს მიყენებული დაზიანებები.
მაკა ჩიხლაძემ შემთხვევის შემდეგ კომენტარი გააკეთა. რომელმაც მან "რუსთავი2"-თან საუბრისას თქვა, ადამიანებს, რომლებიც მათ თავს დაესხნენ, ნიღბები ეკეთათ და წაიღეს ყველაფერი, რაც თან ჰქონდათ.
"ვიღებდით ბესიკის ქუჩაზე, სადაც გვითხრეს, რომ დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებს და "ტიტუშკებს" შორის. ასეც იყო, რომ მოვედით, ხელჩართული ჩხუბი იყო, ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს და როდესაც მივედით გადასაღებად, ტიტუშკებს გამოეყო რამდენიმე ადამიანი, შავი ნიღბები ეკეთათ, მათი ცნობა შეუძლებელია, ჩემს ოპერატორს წაართვეს ყველაფერი, ყაჩაღები არიან, ჩემი მიკროფონიც წაიღეს, მირტყეს და ბოლოს ერთმა თქვა მახსოვს, რომ გოგოა გაუშვითო. მაგრამ მაინც ერთი წიხლი მომაყოლეს. ჩემთან შედარებით, ჩემი ოპერატორი, გიორგი შეწირული ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია, რომელსაც ფიზიკურად ჩემზე უფრო მკაცრად გაუსწორდნენ," - ამბობს "ტვ პირველის" ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე.