26 დეკემბერი 2024,   14:32
ვრცლად
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა "ტვ პირველის" ჟურნალისტი და ოპერატორი თავდასხმის ფაქტზე ინგოროყვას კლინიკაში გამოკითხა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა "ტვ პირველის" ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ინგოროყვას კლინიკაში გამოკითხა.

როგორც ვახტანგ შამათავამ მედიასთან თქვა, შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი და მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.

"მოგახსენებთ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია "პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

კლინიკაში გამოვკითხეთ ოპერატორი და ჟურნალისტი, მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია. ამჟამად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეო კამერების იდენტიფიცირება მათი შემდგომი ამოღების მიზნით. ჩემი თანამშრომლები ადგილზე არიან, ხდება შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეო კამერების იდენტიფიცირება. გამოვკითხეთ ოპერატორი და ჟურნალისტი, მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია, დეტალურ ინფორმაციას კიდევ უფრო მოგვიანებით მოგვაწვდიან და ამჟამად სხვა ვერაფერს ვერ მოგახსენებთ", - აღნიშნა ვახტანგ შამათავამ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს. ისინი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. 

 

დღის ამბები