რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია. აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა. საპროტესტო აქციამ დღეს მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
საპროტესტო აქცია დღის 13:00 საათზე დაიწყო, თუმცა პროტესტის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი პარლამენტის წინ 19:00 საათზე შეიკრიბა.
დემონსტრანტებს აქციის ბოლო საათებში აღარ გამოუყენებიათ არც პიროტექნიკა და ფოიერვერკი, ისინი ანათებდნენ ლაზერს და საკანონმდებლო შენობაზე სხვადასხვა წარწერას აკეთებდნენ, პერიოდულად ისმოდა საყვირის, ბრახუნისა და შეძახილების ხმა.
მოქალაქეების პროტესტი უკვე მეათე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს.