ორი ადამიანი დაიღუპა და ასობით ათასი მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, რადგან ძლიერმა ქარმა და წვიმამ ინფრასტრუქტურა დააზიანა. მოგლეჯილია ხეები.
როგორც Euronews-ი წერს, უამინდობის შედეგად დაღუპული ერთი მამაკაცი 50 წლამდე ასაკის იყო. ის მანჩესტერიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 58 კილომეტრის მოშორებით, პრესტონის გზატკეცილზე ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანას მოგლეჯილი ხე დაეცა.
ქარიშხლის კიდევ ერთი მსხვერპლი ასევე მამაკაცია. პირველი შემთხვევის მსგავსად, ისიც მანქანას მართავდა, როდესაც მოგლეჯილი ხე დაეცა. შემთხვევა ბირმინგემში მოხდა.
ჩრდილოეთ ირლანდიაში, უელსსა და დასავლეთ ინგლისში ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ძლიერი ქარის გამო, დაიკეტა ძირითადი მაგისტრალები და ხიდები, შეჩერებულია არაერთი სარკინიგზო რეისი. დუბლინის აეროპორტში ფრენების ნაწილი გაუქმებულია.