უწყვეტი პროტესტის მე-10 დღე განსხვავებულად დაიწყო. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება დღის პირველი საათიდან დაიწყეს, 17:00 საათზე კი პროტესტის მონაწილეთა ერთი ჯგუფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბა და, მსვლელობით, ქალაქის მთავარი გამზირისკენ დაიძრა. გადაკეტილი იყო მელიქიშვილის გამზირიც. საბოლოოდ კი, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ.
19:00 საათიდან მთავარი გამზირი გადაიკეტა. პროტესტის მოთხოვნები უცვლელია - აქციის მონაწილეები ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, რომლის მიხედვითაც საქართველო, მომავალი 4 წლის განმავლობაში, უარს ამბობს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების მოთხოვნა თავად დააყენოს.
აქციის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი პარლამენტის წინ იდგა, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კი მოძრაობა პოლიციის კორდონით იყო შეზღუდული. თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები იყო განლაგებული.
მომიტინგეები პროტესტს პერიოდულად სასტვენებითა და სხვადასხვა შეძახილით გამოხატავდნენ. მათ რამდენჯერმე გამოიყენეს პიროტექნიკა და ლაზერი.
ღამის დაახლოებით პირველი საათიდან პარლამენტთან, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა.
პროტესტის მეათე დღემ რუსთაველის გამზირზე სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების გარეშე ჩაიარა. აქციის მონაწილეებმა დაშლა ღამის, დაახლოებით, 03:00 საათზე დაიწყეს.
მას შემდეგ რაც აქცია დასრულდა, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ტრადიციულად, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ და ქუჩების მოწესრიგება დაიწყეს.