საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული დემონსტრანტების საქმის განხილვა გრძელდება. საუბარია 6 დეკემბერს დაკავებულ 48 პირზე, რომლებსაც გამოძიება პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ნიკა სვანაძე. სანდრო მეტრეველს კი, სასამართლომ 2300 ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა.
ამ წუთებში მიმდინარებს ბექა ყორშიას პროცესი, რომელიც პოლიციამ ასევე ადმინისტრაციული წესით დააკავა.
საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი მონაწილის ნიკა სვანაძის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ეთანხმება, ნაწილობრივ კი არა.
"უკვე იშლებოდა აქცია და ჩვენც მივდიოდით სახლში. ჩემზეც მოხდა, როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური ძალადობა, როგორც დაკავების პროცესში, ასევე დაკავების შემდეგაც ე.წ. მინივენთან. მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, აბსოლუტურად ვეთანხმები პირველ მათგანში, რომელიც გულისხმობდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და წვრილმან ხულიგნობას - არ ცნო ბრალდება სამართლიანად. მეორე ნაწილში, როცა მე წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგ შემთხვევაში შემოიფარგლა, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით, რაშიც არ ვეთანხმები, თუმცა ჩემთვის, ამ ეტაპზე მისაღებია", - განაცხადა ნიკა სვანაძემ.
სამართალდამცველის მიერ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს აქციის მეორე მონაწილე, სანდრო მეტრეველი, რომელიც მოსამართლემ ადმინისტრაციული ჯარიმით დააჯარიმა.
"მოსამართლემ ადმინისტრაციული ჯარიმით დამაჯარიმა იმის საფუძველზე, რომ თურმე მთავრობის მისამართით ვიგინებოდი და ამას ადასტურებს ორი პოლიციელი, რომლებმაც ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. არ ვიცი მოსამართლემ რამდენად მიიღო მხედველობაში, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ათამდე თანამშრომელი ფიზიკურად გამისწორდა ძალიან ძლიერად, სახეზეც მატყობთ. დარწმუნებული ვარ, ამის ჩამდენებსაც, ადრე თუ გვიან, საკადრისი პასუხი გაეცემათ საჭირო ადგილას", - განაცხადა სანდრო მეტრეველმა.
სანდრო მეტრეველის ადვოკატის, ნინო ლომინაძის განცხადებით, დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
"მოსამართლემ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით, იმ პირობებში, როდესაც მოწმეების ჩვენებები იყო ურთიერთგამომრიცხავი და შესაბამისად, მათი შეფასების მომენტში, მან არ გაიზიარა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის დაგეგმილ ნორმებსა და დასაბუთების სტანდარტებს, აქედან გამომდინარე, იქნება გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში", - განაცხადა ნინო ლომინაძემ.