26 დეკემბერი 2024,   14:27
ვრცლად
შს მინისტრის მოადგილემ აქციაზე დაშავებული პოლიციელების ფოტოები დღეს მედიას წარუდგინა

"შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ყველა სახის ძალადობას და თითოეული უწყება გააკეთებს ყველაფერს, რათა თითოეული მოძალადე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ ძალადობრივ ფაქტზე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე შესაბამის უწყებებში დაწყებულია გამოძიება და ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

ალექსანდრე დარახველიძემ აქციაზე დაშავებული პოლიციელების შესახებ ისაუბრა და ბრიფინგზე მედიას ტრავმების ამსახველი ფოტო აჩვენა. 

Open photo

"აქციის მოძალადე ჯგუფები მსგავსი ქმედებების განსახორციელებლად აქტიურად იყენებდნენ პიროტექნიკას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სხვადასხვა საგნით: მათ შორის რკინისა და ხის ხელკეტებით, კასტეტებით, ასევე თავდასხმების განსახორციელებლად აქტიურად იყენებდნენ ე.წ. შურდულებს, რითაც დამიზნებით ისროდნენ რკინის საგნებსა და მიზანმიმართულად აზიანებდნენ როგორც საპოლიციო ტექნიკას, ასევე თავს ესხმოდნენ პოლიციელებს.

ამ ქმედებების შედეგად დაშავებულია 150-ზე მეტი პოლიციელი, რომლის შესახებაც სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიები, აქციის მონაწილეები და სამწუხაროდ ზოგიერთი მედია საშუალებები არ საუბრობენ და ვერც აღნიშნული ფაქტის დაგმობა ნახა საზოგადოებამ.

აქციების მიმდინარეობისას, მოძალადე ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, თითქმის ყველა დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათ დიდ ნაწილს კი ქირურგიული ჩარევაც კი ესაჭიროებოდა. პოლიციის თანამშრომლების უმეტესობას აქვს სხვადასხვა სახის დამწვრობა, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

დღის ამბები