26 დეკემბერი 2024,   14:40
ვრცლად
მანიფესტაციების დროს მოძალადე ჯგუფების დროული იდენტიფიცირება, გამოვლენა და დასჯა, დანაშაულის პრევენციას განაპირობებს და არაერთ ევროპულ ქვეყანაში მოქმედი პრაქტიკაა - შსს აქციებზე ნიღბების აკრძალვის შესახებ

"სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა როგორც საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, ასევე შეკრება-მანიფესტაციების დროს მოძალადე ჯგუფების დროული იდენტიფიცირება, მათი გამოვლენა და დასჯა, რაც საბოლოო ჯამში შეკრება მანიფესტაციების დროს დანაშაულის პრევენციას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, შეკრება-მანიფესტაციებზე ე.წ. ნიღბების აკრძალვის თაობაზე", - ამის შესახებ დღეს შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მანიფესტაციებზე და აქციებზე ნიღბებისა და პირის იდენტიფიცირებისთვის ხელისშემშლელი საგნების გამოყენება არაერთ ევროპულ ქვეყანაშია აკრძალული და ეს პრაქტიკა ბევრგან მოქმედებს. 

"უნდა აღინიშნოს, რომ შეკრება-მანიფესტაციების დროს ნიღბებისა და იმგვარი სამოსის ტარების აკრძალვა, რომელიც გამორიცხავს პირის იდენტიფიცირებას, არაერთ ევროპულ ქვეყანაში მოქმედ პრაქტიკას წარმოადგენს.

მაგალითისათვის, გერმანიაში 1985 წლიდან მოქმედებს მსგავსი კანონი. ასევე, აქციის ფარგლებში ნიღბების აკრძალვის კანონი მოქმედებს ავსტრიაში, კანადაში, იტალიაში, ესპანეთსა და ბელგიაში. ასევე, არაერთ ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია საჯარო სივრცეში სხვადასხვა ფორმით სახის დაფარვა.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეკრება-მანიფესტაციების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას, აქციის მოძალადე ჯგუფებს მოუსპობს დაუსჯელობის განცდას და პოლიციას საშუალებას მისცემს დროულად მოახდინოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი სათანადო წესით დასჯა", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

დღის ამბები