ბაშარ ასადი, სავარაუდოდ, მკვდარია. მისი თვითმფრინავი დამასკოს აეროპორტიდან აფრინდა და ხმელთაშუა ზღვაში დაიკარგა. Reuters-ი სირიის ექს-პრეზიდენტის გაუჩინარების ორ ვერსიას განიხილავს - ავიაკატასტროფა, ან ავარიულ დაშვებამდე, 495 მეტრის სიმაღლეზე, პილოტის მიერ სენსორების შეგნებულად გათიშვა.
ასადის სიკვდილის სავარაუდო ცნობებს დამასკოში აჯანყებულები და მშვიდობიანი მოქალაქეები ერთნაირი სიხარულით შეხვდნენ. ექს-პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მისი გადადგომის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა. მეამბოხეებმა დედაქალაქი და სამთავრობო შენობები დაიკავეს. Al Jazeera-ს ცნობით, სირიის ქალაქებს აჯანყებულები აკონტროლებენ. ისლამისტური დაჯგუფების, "ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამის" წევრებმა გამარჯვების შესახებ დამასკოს ტელევიზიის ეთერით გამოაცხადეს.
სირიაში ისლამისტურმა დაჯგუფებებმა ასადის ძალების წინააღმდეგ შეტევა, ქვეყნის მასშტაბით, 27 ნოემბერს დაიწყეს, რაც ასადის 24 წლიანი მმართველობის კრახით დასრულდა. მედიის ცნობით, ასადს სირიაზე კონტროლის გახანგრძლივებაში მოსკოვი ეხმარებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასადის გადადგომის ფაქტს ადასტურებენ და ძალაუფლების დათმობის მიზეზად, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ასახელებენ.
სირიაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებაში მოსკოვის ჩართულობაზე, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა და რეგიონში მოსკოვის შეცვლილი პოლიტიკის მიზეზები განმარტა.
სირიაში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია. თეთრი სახლისთვის საყურადღებოა ის მოვლენები, რომელიც ასადის დამხობის პარალელურად ვითარდება. ქვეყანაში ამბოხებულებსა და სირიელ ქურთებს შორის დაპირისპირებაა. ბაიდენის ადმინისტრაციაში სიტუაციის სტაბილიზებისთვის აუცილებელ ზომებსა და ესკალაციის რისკებზე საუბრობენ.
სირიაში მიმდინარე 13-წლიან ომში, თითქმის 500 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს. 100 000 სირიელი ოფიციალურად ითვლება "დაკარგულად", რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ან მოკლეს, ან ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპნენ. სირიაში ომამდე მოსახლეობის რაოდენობა 16,5 მილიონი იყო. ამჟამად 6,5 მილიონზე მეტი ქვეყნის ფარგლებს გარეთაა გაქცეული.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე