12 დეკემბერი 2024,   17:48
ვრცლად
"ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და ეს ყველაფერი ესმით როგორც პარიზში, ასევე ლონდონში, ვაშინგტონში, სტრასბურგსა თუ ბრიუსელში" - ნიკა მელია

ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის კომუნიკაცია და მოლოდინი, რა შედეგები შესაძლოა მოჰყვეს სატელეფონო ზარს - საუბრის ფაქტს ყველა მხარე პოზიტიურად აფასებს, თუმცა შინაარსსა და მოლოდინებზე პოლიტიკურ გუნდებში განსხვავებული ხედვებია.

ოპოზიციაში ჩართულობას მიესალმებიან, რაც შეეხება დიალოგისკენ მოწოდებას - ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მზად არიან ისაუბრონ დაკავებულთა გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების თარიღზე.

"მნიშვნელოვანია დიალოგი, მათ შორის უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტი მაკრონის თუ სხვა საერთაშორისო აქტორების ჩართულობით, რომელიც შედეგად გამოიღებს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას. ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც შეიძლება შედგეს ეროვნული თუ საერთაშორისო დიალოგი", - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ერთადერთ გამოსავლად ხელახალ არჩევნებს მიიჩნევს.

"ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და ეს ყველაფერი ესმით როგორც პარიზში, ასევე ლონდონში, ვაშინგტონში, სტრასბურგში თუ ბრიუსელში. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი", - განაცხადა კოალიცია "ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა და ის ერთ საათს გაგრძელდა. მაკრონმა წუხილი გამოთქვა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, გამოთქვა სურვილი გათავისუფლდეს ყველა დაკავებული. საფრანგეთის პრეზიდენტმა ყველას ინკლუზიური დიალოგისკენ მოუწოდა.

ავტორი: იზი ბურნაძე.

დღის ამბები